ქალაქ ბოლნისის წარმოშობის ისტორია უკავშირდება ეთნიკური ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს. 1943 წლის 3 აპრილამდე მას ლუქსემბურგი ეწოდებოდა.ბოლნისის გერმანული ისტორია 1818 წელს დაიწყო, როდესაც სოფელ რატევანის მახლობლად შვაბიდან გერმანელები ჩამოასახლეს. გერმანელების გაშენებულ დასახლებას თავდაპირველად, კატარინენფელდი ეწოდა, სახელი ლუქსემბურგი კი როზა ლუქსემბურგის საპატივცემულოდ ქვეყანაში შემოჭრილმა წითელმა არმიამ და კომუნისტებმა მოიტანეს. 1941 წელს, სამამულო ომის დაწყებისთანავე ყველა ადგილობრივი გერმანელი რომელიც ქართველთან ქორწინებაში არ იმყოფებოდა ციმბირში ან ყაზახეთში გადაასახლეს.
შემორჩენილი გერმანული ხუროთმოძღვრება მხოლოდ მიწისზედა ნაგებობებით არ შემოიფარგლება. ბოლნისში მდებარე არაერთი კერძო საცხოვრებელი სახლის ქვეშ საქართველოსთვის არატიპიური ზომის და ფორმის მარანი მდებარეობს.
მათ თავზე მდებარე შენობების ფონზე მარნები გასაოცრად დიდ სივრცეს მოიცავს, ხანდახან მიწის ქვეშ ორ სართულზეც ჩადის, თან ახლავს ხით გაწყობილი ბუხრიანი ოთახი.ზოგიერთი მსგავსი მარნის მფლობელი ოჯახი მეღვინეობას დღესაც მისდევს.
აღსანიშნავია ბოლნისის, როგორც სამკურნალო გამაჯანსაღებელი კურორტის პოტენციალი, ვინაიდან ქალაქიდან 5 კილომეტრში სოფ. რაჭისუბანში მინერალური წყალი მოიპოვება.
ტურიზმის განვითარების საწყისი ეტაპის დასაკმაყოფილებლად ბოლნისში საკმაოდ განვითარებული ინფრასტრუქტურაა. ქალაქ ბოლნისში რამდენიმე სასტუმრო/გესთჰაუსი და კვების ობიექტი ფუნქციონირებს.